2007
წლის 3 მაისს, კანადის სამეფო ზარაფხანამ საზეიმოდ წარმოადგინა ახალი
მონეტა, რომელსაც ძნელად თუ შეიძლება მონეტა უწოდო. 100 კილოგრამი წონის
მქონე სუფთა ოქროს ფირფიტა, რომელიც 50 სმ დიამეტრისაა და 3 სმ სისქე აქვს
ალბათ უფრო მეტად არა მონეტის, არამედ შთამბეჭდავი მასიური ოქროს
ქანდაკების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ექსკლუზიურ მონეტას სამეფო
ზარაფხანაში ოქროს ნეკერჩხლის ფოთოლი უწოდეს. მას 1 მილიონი კანადური
დოლარის ღირებულება აქვს. ცხადია, 100 კილოგრამიანი მონეტა არც მიმოიქცევა
და არც საკოლექციო დანიშნულებით გამოიყენება. იგი უფრო მეტად კანადის და
ამ ქვეყნის ზარაფხანის რეკლამირებისა და საერთაშორისო რეპუტაციის კიდევ
უფრო გამყარებისთვის ჩამოასხეს. იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც საჩვენებელი
ნამუშევარი კანადის სამეფო ზარაფხანის ახალი სერიის ოქროს ნეკერჩხლის
მონეტებისა, რომლებიც 1 უნცია 99.999% სუფთა ოქროს ზოდისგან მზადდება.
აღნიშნული მონეტები მხოლოდ სპეციალური შეკვეთის საფუძველზე მზადდება და
დღეისათვის მხოლოდ 5 ცალია გამოშვებული.
თუმცა, თურმე კანადა
პირველი ნამდვილად არ არის გრანდიოზული მონეტების გამოშვებაში. 100 კგ
წონის 50 სმ-იანი გიგანტური მონეტის გამოშვებამ ბევრს ავსტრიის 100 000
ევროს ოქროს მონეტა მოაგონა, რომელიც 31 კილოგრამს იწონის და 37
სანტიმეტრის დიამეტრისაა. მაგრამ, როგორც ხედავთ, დღეისათვის ავსტრიულ
ბუმბერაზ მონეტას თავისი გაბარიტებითა და წონით მაინც კანადური ოქროს
ნეკერჩხლის ფოთოლი ჯობნის. გრანდიოზულია ასევე მისი ნომინალიც - 1 000 000
კანადური დოლარი.