*** გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
*** ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
|