*** ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ, ჩემი სიყვარულის კონა, ჩემი სილამაზის საზომი, ჩემი ოცნებების წონა. ჩემი მოელვარე ვარსკვლავი, ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი, ჩემი ღამეული ბოდვა. ჩემი უსახელო ლექსი ხარ, ჩემი დარცხვენილი მუზა, ჩემი ბედნიერი ცრემლების ზღვაში ჩაშვებული ღუზა... ჩემი უპასუხო კითხვა ხარ, ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი, ჩემთვის გასროლილი ტყვია
*** ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები, ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია, გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან. ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს, რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად? _მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან
*** მზე თითქოს მარტო შენთვის ანათებს, და ნაკაფული კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზე გაათევ, თუ ვინმე გიყვარს,თუ ვინმეს ეტრფი. თითქოს შენია ყველა ყვავილი, ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის, ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი. თუ ვინმე გიყვარს,თუ ვინმეს ეტრფი. მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად. ის აღარა ხარ რაც გუშინ იყავ, ასკილი ვარდად მოგეჩვენება, თუ ვინმეს ეტრფი,თუ ვინმე გიყვარს *** ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა და ეს ამბავი მან არ იცოდა. მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს, მე ისევ ვეძებ მარადისობას. დადგა ოცნება, როგორც სამარე და სურვილები ზეცას მოება. ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე, ჩემს სულს წყურია უსაზღვროება. ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე, და იმედებიც ჩემთან იქნება. მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება
|